შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

სიახლეები

13.05.2017

ფონდი ,,ბილივი’’, აცხადებს საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს ფოთში მოქმედი არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციებისთვის. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობას, ახალი იდეებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.



 



აუცილებელია, საგრანტო განაცხადი შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:



1) საკონკურსო პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტის მიზანი და სამიზნე ჯგუფი;
2) პროექტის სიცოცხლისუნარიანობა, ეფექტურობა და მისი გრძელვადიანი შედეგები არგუმენტირებულად უნდა იყოს დასაბუთებული;
3) თითოეული საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს;
4) პროექტისათვის გაწერილი ბიუჯეტის სახელფასო ნაწილი არ უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 10% -ზე მეტს.
5) გრანტის საერთო თანხის 25% უნდა იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოების/ჯგუფის მიერ.



 



კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებულმა ინდივიდუალურმა პირმა ან ორგანიზაციამ ელექტრონულად შეავსოს საგრანტო განაცხადი.



საკონკურსო განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/BelieveGrantApplication



 



საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ივნისი.



 



გისურვებთ წარმატებებს!

17.04.2017


ფონდმა ,,ბილივმა’’ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქ. ფოთის ყრუ და სმენდაქვეითებულთა კავშირის 29 წევრს მიულოცა და მათ საჩუქრად სურსათი და სააღდგომო პასკა გადასცა.


ფონდი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ქ.ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირს და მათ ეხმარება მატერიალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.


,,ეს სურსათი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი ოჯახებისთვის უდიდესი დახმარებაა, ყოველ დღესასწაულზე დიდი მოლოდინით ველით ,,ბილივის” ვიზიტს” - განაცხადა კავშირის წარმომადგენელმა ზვიად ჯანელიძემ.


ფონდი ,,ბილივი’’ მომავლშიც გეგმავს მსგავსი ტიპის აქტივობებს.

 

10.04.2017


USAID ,,მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან და ფონდ ,,ბილივთან“ ერთად სტუდენტ გოგონებს სთავაზობს 2 დღიან ტრენინგს ქ. თბილისში.
 
ტრენინგი გაიმართება 29 – 30 აპრილს და იგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: გუნდური მუშაობა, პროექტების წერა, ადვოკატირება, ორგანიზაციის ფორმირება, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი და ურთიერთობების მართვა.

პროექტში მონაწილეობა არის უფასო და იგი სრულად ფარავს კვებისა და ტრენინგის მასალების ხარჯებს. პროექტის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 აპრილი, დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.jobs.ge/eng/138087/

02.04.2017


ფონდმა ,,ბილივმა“ კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ჩაატარა. პროექტი მშვიდობის კორპუსის საგრანტო დაფინანსებით განხორციელდა. სასწავლო კურსში ჩართული მოსწავლეები დაეუფლნენ საბაზისო კომპიუტერულ უნარებს, გაიუმჯობესეს საოფისე პროგრამებთან და ინტერნეტთან მუშაობის გამოცდილება, მიიღეს ახალი ცოდნა ელექტრონული კომუნიკაციის მართვისა და ფოტო - ვიდეო რედაქტირების საკითხებში. პროექტის ფარგლებში მშვიდობის კორპუსმა ორგანიზაციისათვის 4 პორტატული პერსონალური კომპიუტერი შეიძინა.


"მე მჯერა, რომ ეს ტრენინგ კურსი გაზრდის მოსწავლე-ახალგაზრდების შრომისუნარიანობას და დაეხმარება მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში. ასევე, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ბილივის მოხალისეებისთვის გაიუმჯობესონ პროგრამების მენეჯმენტის, თარგმნის და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები“ -განაცხადა რენდი დეითონმა, კომპიუტერული კლუბის პროექტის კოორდინატორმა და მშვიდობის კორპუსის მოხალისემ საქართველოში.

25.05.2016

,,ბილივის'' საბინაო მხარდაჭერის კამპანია, რომელიც მიზანად ისახავს ქალაქ ფოთში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახებისთვის, წარმატებით განხორციელდა. აღნიშნული კამპანია “ბილივის” გუნდის ორ თვიანი დაუღალავი შრომის შედეგია.

საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში “ბილივმა” 18 სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ოჯახს საჩუქრის სახით გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა აუცილებელი საოჯახო ნივთი. გარდა ამისა, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 6 ოჯახის საცხოვრებელ ფართს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. კერძოდ, სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა ფანჯრები, აღდგა იატაკი და გადაიხურა სახლი.

ფონდის საბინაო მხარდაჭერის შედეგად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 65-ზე მეტი ადამიანი დაკმაყოფილდა პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებით და გაუმჯობესდა მათი საცხოვრებელი პირობები.

პროექტისთვის ბენეფიციართა ჯგუფი განისაზღვრა ქ. ფოთის სოციალურ სამსახურთან თანაშრომლობით. მადლობას ვუხდით ყველა დონორ ორგანიზაციას და ინდივუალურ პირს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად ვაუმჯობესებთ იმ ადამიანების ცხოვრებას - ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!

გთხოვთ იხილეთ საბინაო მხარდაჭერის ფოტომასალა ბმულზე

http://bit.ly/Believe-Housing-Image...

00.00.0000

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. გიზიარებთ ტასოს ისტორიას. 
მე ტასო ვარ. მყავს 10 წლის აუტისტური სპექტრის მქონე შვილი კონსტანტინე. კონსტანტინე დაიბადა ემიგრაციაში ჯანმრთელი, ვითარდებოდა პრობლემების გარეშე. დროთა განმავლობაში შეიცვალა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ 3 წლის ასაკში დაესვა დიაგნოზი - ქრონიკულად მიმდინარე ბავშვთა აუტიზმი. ჩავერთეთ ადრეული განვითარების პროგრამაში. გადიოდა სხვადასხვა თერაპიულ მომსახურებას. თერაპიების დახმარებით მან ბევრი რამ ისწავლა და დღემდე სწავლობს.
ჩემთვის, ჩემი შვილის დიაგნოზი უდიდესი გამოწვევაა. ჩავერთე ბრძოლაში, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. ვცდილობთ, კონსტანტინემ დაისწავლოს სოციალური უნარ-ჩვევები, რათა შეძლოს დამოუკიდებელი ცხოვრება. მე ვაღიარე ჩემი შვილი და მივიღე ისეთი, როგორიც არის. არასოდეს მიფიქრია შემეცვალა. კონსტანტინეს დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა - მოითხოვს უდიდეს ნებისყოფას, ბევრ მოთმინებას, რაც გვაძლევს კიდეც შედეგს და აისახება ჩვენი შვილების მდგომარეობასა და მომავალზე 
მშობლები, რომლებსაც გვყავს აუტისტი შვილები, ბევრ პრობლემას ვაწყდებით. მაგალითად ჩვენს შემთხვევაში პრობლემა დაიწყო ბაღში, საიდანაც ის გამოუშვეს, რადგან თვლიდნენ რომ აუტიზმი გადამდები იყო. ხშირად ვყოფილვართ დაცინვის და შეურაცხყოფის ობიექტები. ჩემი სურვილი მხოლოდ ერთია: საზოგადოებამ შეცვალოს დამოკიდებულება ჩვენი შვილების მიმართ და მიიღოს ისინი სრულფასოვან წევრებად.
ჩემი საქმიანობაც კოტეს დიაგნოზს დაუკავშირდა. ვინაიდან ქალაქ ფოთში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არ არსებობდა ადგილი, სადაც ჩემი შვილი მიიღებდა სათანადო სერვისს და გვიწევდა სხვა ქალაქში სიარული, რაც დიდი დისკომფორტი იყო აუტისტი ბავშვისთვის, გადავწყვიტე შემესწავლა თერაპევტის პროფესია. გავიარე სხვადასხვა კურსი, მივიღე პროფესიული კვალიფიკაცია. დღეს, უკვე ფოთში არსებობს ქცევითი თერაპიის, ლოგოპედისა და სენსორული თერაპიის მიმართულებით მომსახურება. ასევე, სამომავლოდ იგეგმება სხვა სერვისების დამატებაც. ამ სერვისებით ვეხმარები ჩემს შვილს და ასევე ყველა იმ მშობელსა და ბავშვს, რომლებიც ფოთში ცხოვრობენ და სურთ მიიღონ თერაპიული სერვისები. ვთვლი, რომ ყოველივე ეს ჩვენი შვილებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

მშობლებს, რომლებსაც ჩემს მსგავსად აუტისტური სპექტრის მქონე შვილები ჰყავთ ვურჩევ, მოვუწოდებ - აღიარეთ, არ დამალოთ თქვენი შვილები! პირიქით, მიიღეთ ისინი ისეთები როგორებიც არიან და საზოგადოების სხვა წევრებსაც დაეხმარეთ ამაში. სტერეოტიპების მსხვრევა უნდა დავიწყოთ ჩვენ, მშობლებმა! ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ. აუტიზმი განაჩენი არ არის.

ჩემს შვილს აქვს უფლება იყოს ამ საზოგადოების ნაწილი.
მიგვიღეთ, შეგვიყვარეთ...

წარმატებები და მადლობა ფონდ ბილივს გრძელვადიანი თანადგომისთვის!

00.00.0000

მე ვარ ირაკლი ნაროუშვილი. 11 წლის ლიზიკოს მამა. ჩემი ისტორია მინდა გაგიზიაროთ:
2009 წლის 11 მაისს სიხარულით ველოდი ლიზიკოს შეძენას. სიხარულით დადგა ეს მომენტიც. ექიმებისგან მოწოდებული ცნობა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. დაიბადა ჩემი გოგო და სრულად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ლიზი თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა - განუვითარებელი ორგანოებით, სმენის მძიმე დაქვეითებით. ცხოვრების ურთულების ეტაპი დამიდგა - მირჩევდნენ, სამშობიაროში დამეტოვებინა ბავშვი. არ დავტოვე. მას მე ვაჩუქე სიცოცხლე და ვერ წავართმევდი. უფალს მადლობა, ლიზი რომ მყავს.
ლიზის პირველი ოპერაცია მალევე ჩაუტარდა, გადარჩენის იმედს არ მაძლევდნენ, მაგრამ მე და ლიზი მაინც ვიბრძოდით. მერე დადგა რეაბილიტაციის ეტაპი. ამ დროს ლიზის დედა, მშობირაობის შემდგომ რთულ მდგომარეობაში იყო. შვილს სახლში ელოდა. საავადმყოფოში სიარული და ლიზიზე ზრუნვა მე მიწევდა. ალბათ ამ ფაქტმაც გამოიწვია ჩემი ლიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ხათუნას, ჩემს მეუღლეს სიმამაცისა და ლიზის აღზრდისათვის.
მერე ლიზი ბაღში წავიდა, იქაც პრობლემები შეგვხვდა, მაგრამ გადავლახეთ. შემდგომ, გამოჩნდა ფოთის ყრუთა კავშირი და ფონდი ბილივი და ლიზიმ სწავლაში პირველი ნაბიჯები გადადგა - ჟესტური ენის შესწავლა დაიწყო. დიდი მადლობა მათ ამისათვის. 
გადავწყვიტეთ ლიზი ქუთაისის სმენადაქვეითებულთა სკოლაში მიგვეყვანა. დღემდე იქ სწავლობს - დიდი სიყვარულის და სითბოს გარემოცვაში. რთულია ოჯახისგან შორს ლიზის ყოფნა, მაგრამ მისი განვითარებისთვის და მომავლისთვის ახლა ასეა საჭირო და ვცდილობთ შევეგუოთ.
ამ ყველაფერს ფინანსური სირთულეები ახლავს თან. ბევრს ვშრომობდი, ამ სირთულეების დასაძლევად. საბოლოოდ, ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე. აქედან ფინანსურ ვალდებულებებს უკეთ ვუმკლავდები, ოჯახს ვეხმარები, ლიზის მუდმივად სჭირდება ექიმთან ვიზიტები... 
 ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი სადარდელი და საზრუნავი ლიზის ოცნების ახდენაა. ლიზის არა აქვს მარცხენა თვალი, რომლის პროტეზირება არის საჭირო. ასევე, ცალი ხელიც განუვითარებელი აქვს და პროტეზირება სჭირდება. საქართველოში რთულია მისი დიაგნოზით მკურნალობა და ეს ოპერაციები. ჯერ ოპერაციების ეტაპამდე ვერ მივედით... ლიზი სულ მელოდება, როდის ჩამოხვალ და ექიმთან როდის წამიყვანო, სულ მეუბნება... მე კი ვაიმედებ, რომ შორს ვარ იმიტომ, რომ ფული შევაგროვო და მას ოცნებები ავუხდინო... არ ვიცი სანამ გავუძლო ამ გულის ტკივილს. თვალი დამიხატა და გამომიგზავნა - ის დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო. ძალიან მიჭირს ამ ბრძოლაში გამარჯვება, თან მარტოს. მომავლის იმედით ვცოცხლობ. 
გთხოვთ, ნუ დატოვებთ შვილებს. არ წაართვათ თქვენი ნაჩუქარი ცხოვრება და იყოლიეთ გვერდით სანამ ხართ. ლიზი ჩემთვის სალოცავი ხატია და ვეცდები მისი ოცნება ავასრულო. იმედი მაქვს ოჯახთან ერთად მშვიდი ცხოვრება მალე მეღირსება. 
მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს, მამხნევებს და მეხმარება, რომ მომავლის ვირწმუნო!

Preview (7 / 8 ) Next

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46