შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

00.00.0000 - 2 აპრილი - ტასოს ისტორია

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. გიზიარებთ ტასოს ისტორიას. 
მე ტასო ვარ. მყავს 10 წლის აუტისტური სპექტრის მქონე შვილი კონსტანტინე. კონსტანტინე დაიბადა ემიგრაციაში ჯანმრთელი, ვითარდებოდა პრობლემების გარეშე. დროთა განმავლობაში შეიცვალა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ 3 წლის ასაკში დაესვა დიაგნოზი - ქრონიკულად მიმდინარე ბავშვთა აუტიზმი. ჩავერთეთ ადრეული განვითარების პროგრამაში. გადიოდა სხვადასხვა თერაპიულ მომსახურებას. თერაპიების დახმარებით მან ბევრი რამ ისწავლა და დღემდე სწავლობს.
ჩემთვის, ჩემი შვილის დიაგნოზი უდიდესი გამოწვევაა. ჩავერთე ბრძოლაში, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. ვცდილობთ, კონსტანტინემ დაისწავლოს სოციალური უნარ-ჩვევები, რათა შეძლოს დამოუკიდებელი ცხოვრება. მე ვაღიარე ჩემი შვილი და მივიღე ისეთი, როგორიც არის. არასოდეს მიფიქრია შემეცვალა. კონსტანტინეს დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა - მოითხოვს უდიდეს ნებისყოფას, ბევრ მოთმინებას, რაც გვაძლევს კიდეც შედეგს და აისახება ჩვენი შვილების მდგომარეობასა და მომავალზე 
მშობლები, რომლებსაც გვყავს აუტისტი შვილები, ბევრ პრობლემას ვაწყდებით. მაგალითად ჩვენს შემთხვევაში პრობლემა დაიწყო ბაღში, საიდანაც ის გამოუშვეს, რადგან თვლიდნენ რომ აუტიზმი გადამდები იყო. ხშირად ვყოფილვართ დაცინვის და შეურაცხყოფის ობიექტები. ჩემი სურვილი მხოლოდ ერთია: საზოგადოებამ შეცვალოს დამოკიდებულება ჩვენი შვილების მიმართ და მიიღოს ისინი სრულფასოვან წევრებად.
ჩემი საქმიანობაც კოტეს დიაგნოზს დაუკავშირდა. ვინაიდან ქალაქ ფოთში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არ არსებობდა ადგილი, სადაც ჩემი შვილი მიიღებდა სათანადო სერვისს და გვიწევდა სხვა ქალაქში სიარული, რაც დიდი დისკომფორტი იყო აუტისტი ბავშვისთვის, გადავწყვიტე შემესწავლა თერაპევტის პროფესია. გავიარე სხვადასხვა კურსი, მივიღე პროფესიული კვალიფიკაცია. დღეს, უკვე ფოთში არსებობს ქცევითი თერაპიის, ლოგოპედისა და სენსორული თერაპიის მიმართულებით მომსახურება. ასევე, სამომავლოდ იგეგმება სხვა სერვისების დამატებაც. ამ სერვისებით ვეხმარები ჩემს შვილს და ასევე ყველა იმ მშობელსა და ბავშვს, რომლებიც ფოთში ცხოვრობენ და სურთ მიიღონ თერაპიული სერვისები. ვთვლი, რომ ყოველივე ეს ჩვენი შვილებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

მშობლებს, რომლებსაც ჩემს მსგავსად აუტისტური სპექტრის მქონე შვილები ჰყავთ ვურჩევ, მოვუწოდებ - აღიარეთ, არ დამალოთ თქვენი შვილები! პირიქით, მიიღეთ ისინი ისეთები როგორებიც არიან და საზოგადოების სხვა წევრებსაც დაეხმარეთ ამაში. სტერეოტიპების მსხვრევა უნდა დავიწყოთ ჩვენ, მშობლებმა! ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ. აუტიზმი განაჩენი არ არის.

ჩემს შვილს აქვს უფლება იყოს ამ საზოგადოების ნაწილი.
მიგვიღეთ, შეგვიყვარეთ...

წარმატებები და მადლობა ფონდ ბილივს გრძელვადიანი თანადგომისთვის!

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46