შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

სიახლეები

23.10.2019

ფონდ ბილივის ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამოს მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება, განათლების მხარდაჭერა და ინკლუზიური გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, საჯარო და კერძო სექტორთან ერთად.

ვსაქმიანობთ იმისათვის, რომ გავაღრმავოთ და გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა როგორც კერძო, ისე საჯარო და არასამთავრობო სექტორს შორის და ერთად ვიმოქმედოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების მისაღწევად (SDGs). ეს მიზნებია: სიღარიბის აღმოფხვრა; ნულოვანი შიმშილი; ხარისხიანი განათლება; შემცირებული უთანასწორობა; პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.

საქველმოქმედო გალა საღამოს სტუმრები არიან ფონდის ერთგული და მუდმივი მხარდამჭერი კომპანიები, როგორებიცაა  გლობალური სატრანსპორტო კომპანიები, ლოჯისტიკური და საექსპედიტორო სააგენტოები, საფინანსო ინსტიტუტები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, იურიდიული მომსახურების მიმწოდებლები კომპანიები, საინვესტიციო ასოციაციები, საერთაშორისო სასტუმროები, ჯანდაცვის ცენტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, სავაჭრო პალატა და ინდივიდუალური შემომწირველები. 

ფონდ ბილივის საქველმოქმედო გალა საღამო გაიმართება 7 დეკემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორ თბილისში. სტუმრებისთვის დაგეგმილია სადღესასწაულო სადილი, საქველმოქმედო აუქციონი, ლატარეის ბილეთების გათამაშება და გართობა სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, რომელსაც წაიყვანს ცნობილი ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი დათო ევგენიძე და ბენდი. სპოსორებისა და მოხალისეების მხარდაჭერით ვმოქმედებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ეს მიზნებია: სიღარიბის აღმოფხვრა, ნულოვანი შიმშილი, ხარისხიანი განათლება, შემცირებული უთანასწორობა და პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.

საქველმოქმედო გალა საღამოზე მონაწილეობის მისაღებად დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ info@believe.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე:  +995 577 050622.

25.07.2019

ფონდ ბილივში შეზღდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების  კლუბი ფუნქციონირებს. კლუბის  მიზანი მშობელთა გაძლიერება და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში იმართება მშობლების საჭიროებებზე მორგებული არაერთი ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრა, ინტეგრირებული ღონისძიებები.
ბილივის გუნდის მიერ შერჩეული სპიკერები  მუდმივად ცდილობენ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და მოტივაცია აუმაღლონ კლუბის წევრებს, რათა იბრძოლონ საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისთვის.
,,სიამოვნებით დავუთმობდი მეტ დროს ამ ტიპის შეხვედრებს. მართლაც შთამბეჭდავი და საინტერესო ტრენინგი ჩატარდა. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი შვილის უკეთესი მომავლისათვის.'' - განაცხადა ინგა ღადუამ ერთ-ერთი ტრენინგ კურსის დასასრულს.
მშობელთა კლუბი ფონდ ბილივის ფარგლებში 2018 წლის მაისში შეიქმნა მიკრსაფინანსო ორგანიზაცია  CRYSTAL JSC MFO-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ბილივი მოხარულია, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ქმნის. 

04.06.2019

„ახალგაზრდები სოციალური ინიციატივისთვის“ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალურ საკითხებთან მიმართებაში, მათთვის ახალი გამოცდილების მიღება და სპეციალური საჭიროების მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელება.
პროექტში მონაწილეობას იღებდა 20 ახალგაზრდა და 5 მენტორი, რომლებიც 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ სოციალური თემატიკის პროექტების შექმნაზე. კონკურსის ფარგლებში  3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. ფონდის საპრიზო დაფინანსება ორმა გუნდმა მოიპოვა, ხოლო ერთ-ერთი საკონკურსო პროექტი ჟიურის წევრმა, გიგი ქაცარიძემ საკუთარი ინიციატივით დააფინანსა. 
,,პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების ჩართულობა, ეს არის თემა რომელიც ახალგაზრდებისთვის უცხოა. მათ მოუწიათ დიდი შრომის გაწევა, ღრმად საკითხის შესწავლა და  ჩახედვა. ჩათვალეს, რომ მათი ჩართულობით თუნდაც მცირედი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ახალგაზრდებს უნდათ, რომ მათი ჩართულობით შეცვალონ საზოგადოების მიდგომა და გააუმჯობესონ ის ყოფა, რომელიც დღეს დღეობით გააჩნია სპეციალური საჭიროების მქონე პირებს.” -  პროექტის დასასრულს განაცხადა ერთ-ერთი ჯგუფის მენტორმა ნინო მირცხულავამ.


იხილეთ 9 ტალღის მიერ მომზადებული სიუჟეტი პროექტზე ,,ახალგაზრდები სოციალური ინიციატივისთვის".

13.05.2019

„ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ (A day of dance in Georgia) არის ყოველწლიური საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტი, რომელიც პირველად ქალაქ ფოთში განხორციელდა.
პროექტის მიზანია პატივი მიაგოს ცეკვის სხვადასხვა ფორმას – ბალეტს, ხალხურს, თანამედროვეს და ა.შ.  
პროექტის პირველი სეზონზე გაიმართა ფრანგი ქორეოგრაფის, რაშიდ ურამდანის უახლესი ქმნილების – „ღამის გადალახვა“ ვიდეოჩვენება. ეს არის თანამედროვე ცეკვის ნიმუში,  რომელიც ჩვენი დროის აქტუალურ პრობლემებს ეხმიანება – მიგრანტებს, მათ მიმართ უნდობლობას, ასევე, ჰუმანიზმს და სოლიდარობას. ვიდეოჩვენებამდე თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა ხათუნა მზარელუამ ისაუბრა - ცეკვის, როგორც ხელოვნების უძველესი ფორმის წარმოშობაზე, პროექტის მნიშვნელობასა და ურამდანის დადგმაზე.
ასევე, პროექტი მოიცავდა 2 აქტივობას: განხორციელდა „ფლეშმობი“ პროფესიონალი მოცეკვავეების მონაწილეობით და „დიდი ცეკვის გაკვეთილი“ არაპროფესიონალების – სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სქესის ადამიანების ჩართულობით.
პროექტი იმოგზაურებს საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში  და გახდება ამა თუ იმ ქალაქის (სოფლის) რეზიდენტი რამდენიმე წლით (2–დან 4 წლამდე). პირველი ასეთი ქალაქია ფოთი. პროექტის ავტორი და ინიციატორია ხათუნა მზარელუა- თანამედროვე ცეკვის მკვლევარი და ჟურნალისტი. 


იხილეთ 9 ტალღის მიერ მომზადებული სიუჟეტი პროექტზე ,,ცეკვის ერთი დღე საქართველოში". 

20.07.2018

ფონდი ბილივი დაარსების დღიდან საქველმოქმედო, კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა.  დაარსების aდღიდან ფონდის მთავარი ღირებულება გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა დონორ და მხარდამჭერ ორგანიზაციებთან. სწორედ ამ მიზნით ბილივმა  წლის შემაჯამებელი საანგარიშო შეხვედრა გამართა დონორი ორგანიზაციებისათვის, სადაც ფონდის წარმომადგენლებმა წარადგინეს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. 
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა როგორც დასრულებული, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო საინტერესო უკუკავშირით გამოირჩეოდა როგორც ბიზნეს, ასევე საჯარო სექტორის მხრიდან. 
„უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადავუხადო ფონდი ბილივის დამფუძნებლებს, ხელმძღვანელებს, იმ დიდი საქმისათვის რასაც ისინი აკეთებენ ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქალაქის შეჭირვებული მოსახლეობისთვის, პატარა ბავშვებისთვის და ნამდვილად გრძელია იმ ადამიანების სია, ვისაც ბილივმა ცხოვრების ხალისი შესძინა. ჩვენ უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და მე ვისურვებდი, რომ აი ასეთი კარგი ორგანიზაცია მრავალი იყოს ჩვენს ქალაქში.“ - განაცხადა ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.
ასევე, შეხვედრაზე ფონდის საქმიანობას გამოეხმაურა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ხელმძღვანელი მალხაზ ძაძუა: ,,ჩვენს კომპანიას უკვე, რამდენიმე წელია რაც ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობა აკავშირებს ფონდ ბილივთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინანსურად მათ რამდენიმე პროექტს, მათ შორის აღსანიშნავია ბავშვთა პროგრამები. ძალიან კმაყოფილები ვართ ამ თანამშრომლობით. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ფონდის თანამშრომლების კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმს, მათ მოტივაციას. ვფიქრობთ, რომ მომოვალშიც გავაგრძელებთ ფონდის მხარდაჭერას და რამდენიმე საინტერესო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად.“
ფონდ ბილივის საქმიანობის ამოსავალი წერტილი ამ საქმიანობაში ჩართული ყოველი მხარის - დონორების, ბენეფიციარების და მოხალისეების მიმართ პატიოსანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა, შესაბამისად მსგავსი ტიპის საანგარიშო შეხვედრებს ფონდი მომავალშიც გეგმავს. 


იხილეთ 9 ტალღის მიერ მომზადებული სიუჟეტი ,,ბილივის საანგარიშო შეხვედრა დონორებთან" დაკავშირებით.

23.09.2017

,,ბილივმა“ მონაწილეობა მიიღო ,,ტრენერთა ტრენინგისა“ და ,,პროექტის დაგეგმვისა და მართვის“ 3 დღიანი სემინარში. სემინარის ორგანიზატორი იყო მშვიდობის კორპუსი და მასში მონაწილეობდა საქართველოში მოქმედი სამოქალაქო სექტორის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. სემინარის მიზანი იყო მოხალისეებსა და პარტნიორებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ და ერთმანეთს გაუზიარონ პროექტის დაგეგმვისა და მართვისთვის საჭირო კონცეფციები, სტრატეგიები და გამოცდილება, ასევე შემდგომში, მიღებული ცოდნა საკუთარ რეგიონში გამოიყენონ. შეხვედრა მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა მონაწილეობრივი ანალიზის მეთოდები და საშუალებები (PACA), გენდერული ანალიზი, გუნდის შეკვრის აქტივობები, პროექტის დაგეგმვის ნაბიჯები, მშვიდობის კორპუსის მცირე გრანტების პროგრამა და სხვა. ფონდი ,,ბილივი“ მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად, მოხარულია გამოიყენოს ეს შესაძლებლობა - დაგეგმოს და განახორციელოს ახალი, ინოვაციური პროექტები ქ, ფოთში. ,,ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ ახალ გზებს, თუ როგორ დავუჭიროთ მხარი ჩვენს ბენეფიციარებს. თვალყური ადევნეთ ჩვენს პროექტებს მთელი წლის განმავლობაში და ნახეთ, თუ როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას“ - განაცხადა ,,ბილივის“ გუნდის ერთ-ერთმა მოხალისემ.

22.07.2017


ფონდ
ბილივისყოველწლიური, საქველმოქმედო გალა-საღამო სასტუმროჰილტონ ბათუმში15 ივლისს გაიმართა. უკვე მეოთხე წელია, 200-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქველმოქმედების მიზნით ერთიანდება. წლევანდელი გალა-საღამო უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა ფონდის ისტორიაშიჩვენი მხარდამჭერების თანადგომით საღამოზე შემოსული თანხა შეადგენს 123,159.74 ლარი. 

ეს წარმატებული შედეგი ჩვენი საღამოს გენერალურ სპონსორების, მხარდამჭერების, ლატარიის ბილეთების სპონსორების, საქველმოქმედო აუქციონის თითოეული შემომწირველის, გალა საღამოს სტუმრების, მონაწილეებისა და მოხალისეების უდიდესი დამსახურებაამათი თანადგომა ჩვენი დიდი მოტივაციაა ვაკეთოთ ბევრი კეთილი საქმე და დავეხმაროთ მათ, ვისაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლა

ჩვენი ბენეფიციარებისა და ,,ბილივის’’ გუნდის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ შემომწირველსა და მხარდამჭერს

15.06.2017


15 ივლისს 19:00 საათზე, სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში", "ბილივის" მეოთხე ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ქველმოქმედებისთვის აერთიანებს!

ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და თანადგომა. გალა-საღამო მოიცავს მიღებას - კოქტეილ წვეულებას, საქველმოქმედო აუქციონს, სადღესასწაულო სადილს, ლატარიის ბილეთების გათამაშებასა და საინტერესო  მუსიკალურ ნაწილს.

სპეციალურად ,,ბილივის’’ გალა საღამოსთვის მუსიკალურ ნაწილს წარმართავს - თანამედროვე ქართული სცენის ვარსკვლავი, ჯაზის შემსრულებელი,  საერთაშორისო კონკურსის ‘The Made in New York Jazz’-ის ფინალისტი და თბილისის ბიგ-ბენდის სოლისტი მაია ბარათაშვილი. მომღერალი საკუთარ ბენდთან ერთად  უახლესი შოუ პროგრამით წარსდგება მსმენელთა წინაშე. საქველმოქმედო აუქციონს გაუძღვება კანადის საპატიო კონსული საქართველოში კლიფ ისააკი.

აუქციონზე გასაყიდად თავიანთი ნამუშევრები შემოწირულობის სახით გაიღეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, მათ შორის: ნინო ჩაკვეტაძემ, ირინა სარიდიმ, ბუბა არაბულმა, ერეკლე წულაძემ, ირაკლი ჩიქოვანმა, გიული ღვანიამ, თორნიკე მათითაშვილმა, ლევან ბუჯიაშვილმა, დეკანოზმა ანდრია ნაცვლიშვილმა, თუთუ კილაძემ, მაკა ლდოკონენმა, ნათია არაბული - ბექაურმა, მიშა კვირაიამ, ტარას ბიბილაშვილმა, ნათია ახალაიამ, რევაზ ცუცქირიძემ, სოციალურმა საწარმომ ,,ეთნოდიზაინი" და სოციალურმა საწარმომ ,,იკორთა".

გალა საღამოზე შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მოზარდების ცხოვრების გაუმჯობესებას.

სასპონსორო პაკეტებთან და ადგილების დაჯავშნასთან დაკავშირებით მოგვმართეთ info@believe.ge  +995 577050622 / +995 577221133

,,ბილივის'' საქველმოქმედო გალა საღამო არის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება დასავლეთ საქართველოში და იგი ყოველ ზაფხულს იმართება. 2016 წელს საქველმოქმედო შემოწირულობამ 104,000 ლარს გადააჭარბა. იხილეთ 2016 წლის გალა-საღამოს ვიდეო რგოლი:

13.05.2017

ფონდი ,,ბილივი’’, აცხადებს საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპს ფოთში მოქმედი არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციებისთვის. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობას, ახალი იდეებისა და შესაძლებლობების გამოვლენას, ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.



 



აუცილებელია, საგრანტო განაცხადი შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:



1) საკონკურსო პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს წარმოდგენილი პროექტის მიზანი და სამიზნე ჯგუფი;
2) პროექტის სიცოცხლისუნარიანობა, ეფექტურობა და მისი გრძელვადიანი შედეგები არგუმენტირებულად უნდა იყოს დასაბუთებული;
3) თითოეული საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4000 ლარს;
4) პროექტისათვის გაწერილი ბიუჯეტის სახელფასო ნაწილი არ უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 10% -ზე მეტს.
5) გრანტის საერთო თანხის 25% უნდა იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოების/ჯგუფის მიერ.



 



კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დაინტერესებულმა ინდივიდუალურმა პირმა ან ორგანიზაციამ ელექტრონულად შეავსოს საგრანტო განაცხადი.



საკონკურსო განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: http://bit.ly/BelieveGrantApplication



 



საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 ივნისი.



 



გისურვებთ წარმატებებს!

17.04.2017


ფონდმა ,,ბილივმა’’ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქ. ფოთის ყრუ და სმენდაქვეითებულთა კავშირის 29 წევრს მიულოცა და მათ საჩუქრად სურსათი და სააღდგომო პასკა გადასცა.


ფონდი უკვე მესამე წელია მხარს უჭერს ქ.ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირს და მათ ეხმარება მატერიალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.


,,ეს სურსათი არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი ოჯახებისთვის უდიდესი დახმარებაა, ყოველ დღესასწაულზე დიდი მოლოდინით ველით ,,ბილივის” ვიზიტს” - განაცხადა კავშირის წარმომადგენელმა ზვიად ჯანელიძემ.


ფონდი ,,ბილივი’’ მომავლშიც გეგმავს მსგავსი ტიპის აქტივობებს.

 

10.04.2017


USAID ,,მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან და ფონდ ,,ბილივთან“ ერთად სტუდენტ გოგონებს სთავაზობს 2 დღიან ტრენინგს ქ. თბილისში.
 
ტრენინგი გაიმართება 29 – 30 აპრილს და იგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: გუნდური მუშაობა, პროექტების წერა, ადვოკატირება, ორგანიზაციის ფორმირება, სტრატეგიული მართვა, მარკეტინგი და ურთიერთობების მართვა.

პროექტში მონაწილეობა არის უფასო და იგი სრულად ფარავს კვებისა და ტრენინგის მასალების ხარჯებს. პროექტის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 აპრილი, დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.jobs.ge/eng/138087/

02.04.2017


ფონდმა ,,ბილივმა“ კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ჩაატარა. პროექტი მშვიდობის კორპუსის საგრანტო დაფინანსებით განხორციელდა. სასწავლო კურსში ჩართული მოსწავლეები დაეუფლნენ საბაზისო კომპიუტერულ უნარებს, გაიუმჯობესეს საოფისე პროგრამებთან და ინტერნეტთან მუშაობის გამოცდილება, მიიღეს ახალი ცოდნა ელექტრონული კომუნიკაციის მართვისა და ფოტო - ვიდეო რედაქტირების საკითხებში. პროექტის ფარგლებში მშვიდობის კორპუსმა ორგანიზაციისათვის 4 პორტატული პერსონალური კომპიუტერი შეიძინა.


"მე მჯერა, რომ ეს ტრენინგ კურსი გაზრდის მოსწავლე-ახალგაზრდების შრომისუნარიანობას და დაეხმარება მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლაში. ასევე, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ბილივის მოხალისეებისთვის გაიუმჯობესონ პროგრამების მენეჯმენტის, თარგმნის და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები“ -განაცხადა რენდი დეითონმა, კომპიუტერული კლუბის პროექტის კოორდინატორმა და მშვიდობის კორპუსის მოხალისემ საქართველოში.

25.05.2016

,,ბილივის'' საბინაო მხარდაჭერის კამპანია, რომელიც მიზანად ისახავს ქალაქ ფოთში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახებისთვის, წარმატებით განხორციელდა. აღნიშნული კამპანია “ბილივის” გუნდის ორ თვიანი დაუღალავი შრომის შედეგია.

საბინაო მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში “ბილივმა” 18 სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ოჯახს საჩუქრის სახით გადასცა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და სხვა აუცილებელი საოჯახო ნივთი. გარდა ამისა, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე 6 ოჯახის საცხოვრებელ ფართს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. კერძოდ, სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა ფანჯრები, აღდგა იატაკი და გადაიხურა სახლი.

ფონდის საბინაო მხარდაჭერის შედეგად კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი 65-ზე მეტი ადამიანი დაკმაყოფილდა პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებით და გაუმჯობესდა მათი საცხოვრებელი პირობები.

პროექტისთვის ბენეფიციართა ჯგუფი განისაზღვრა ქ. ფოთის სოციალურ სამსახურთან თანაშრომლობით. მადლობას ვუხდით ყველა დონორ ორგანიზაციას და ინდივუალურ პირს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად ვაუმჯობესებთ იმ ადამიანების ცხოვრებას - ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!

გთხოვთ იხილეთ საბინაო მხარდაჭერის ფოტომასალა ბმულზე

http://bit.ly/Believe-Housing-Image...

00.00.0000

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. გიზიარებთ ტასოს ისტორიას. 
მე ტასო ვარ. მყავს 10 წლის აუტისტური სპექტრის მქონე შვილი კონსტანტინე. კონსტანტინე დაიბადა ემიგრაციაში ჯანმრთელი, ვითარდებოდა პრობლემების გარეშე. დროთა განმავლობაში შეიცვალა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ 3 წლის ასაკში დაესვა დიაგნოზი - ქრონიკულად მიმდინარე ბავშვთა აუტიზმი. ჩავერთეთ ადრეული განვითარების პროგრამაში. გადიოდა სხვადასხვა თერაპიულ მომსახურებას. თერაპიების დახმარებით მან ბევრი რამ ისწავლა და დღემდე სწავლობს.
ჩემთვის, ჩემი შვილის დიაგნოზი უდიდესი გამოწვევაა. ჩავერთე ბრძოლაში, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. ვცდილობთ, კონსტანტინემ დაისწავლოს სოციალური უნარ-ჩვევები, რათა შეძლოს დამოუკიდებელი ცხოვრება. მე ვაღიარე ჩემი შვილი და მივიღე ისეთი, როგორიც არის. არასოდეს მიფიქრია შემეცვალა. კონსტანტინეს დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა - მოითხოვს უდიდეს ნებისყოფას, ბევრ მოთმინებას, რაც გვაძლევს კიდეც შედეგს და აისახება ჩვენი შვილების მდგომარეობასა და მომავალზე 
მშობლები, რომლებსაც გვყავს აუტისტი შვილები, ბევრ პრობლემას ვაწყდებით. მაგალითად ჩვენს შემთხვევაში პრობლემა დაიწყო ბაღში, საიდანაც ის გამოუშვეს, რადგან თვლიდნენ რომ აუტიზმი გადამდები იყო. ხშირად ვყოფილვართ დაცინვის და შეურაცხყოფის ობიექტები. ჩემი სურვილი მხოლოდ ერთია: საზოგადოებამ შეცვალოს დამოკიდებულება ჩვენი შვილების მიმართ და მიიღოს ისინი სრულფასოვან წევრებად.
ჩემი საქმიანობაც კოტეს დიაგნოზს დაუკავშირდა. ვინაიდან ქალაქ ფოთში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, არ არსებობდა ადგილი, სადაც ჩემი შვილი მიიღებდა სათანადო სერვისს და გვიწევდა სხვა ქალაქში სიარული, რაც დიდი დისკომფორტი იყო აუტისტი ბავშვისთვის, გადავწყვიტე შემესწავლა თერაპევტის პროფესია. გავიარე სხვადასხვა კურსი, მივიღე პროფესიული კვალიფიკაცია. დღეს, უკვე ფოთში არსებობს ქცევითი თერაპიის, ლოგოპედისა და სენსორული თერაპიის მიმართულებით მომსახურება. ასევე, სამომავლოდ იგეგმება სხვა სერვისების დამატებაც. ამ სერვისებით ვეხმარები ჩემს შვილს და ასევე ყველა იმ მშობელსა და ბავშვს, რომლებიც ფოთში ცხოვრობენ და სურთ მიიღონ თერაპიული სერვისები. ვთვლი, რომ ყოველივე ეს ჩვენი შვილებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

მშობლებს, რომლებსაც ჩემს მსგავსად აუტისტური სპექტრის მქონე შვილები ჰყავთ ვურჩევ, მოვუწოდებ - აღიარეთ, არ დამალოთ თქვენი შვილები! პირიქით, მიიღეთ ისინი ისეთები როგორებიც არიან და საზოგადოების სხვა წევრებსაც დაეხმარეთ ამაში. სტერეოტიპების მსხვრევა უნდა დავიწყოთ ჩვენ, მშობლებმა! ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ. აუტიზმი განაჩენი არ არის.

ჩემს შვილს აქვს უფლება იყოს ამ საზოგადოების ნაწილი.
მიგვიღეთ, შეგვიყვარეთ...

წარმატებები და მადლობა ფონდ ბილივს გრძელვადიანი თანადგომისთვის!

00.00.0000

მე ვარ ირაკლი ნაროუშვილი. 11 წლის ლიზიკოს მამა. ჩემი ისტორია მინდა გაგიზიაროთ:
2009 წლის 11 მაისს სიხარულით ველოდი ლიზიკოს შეძენას. სიხარულით დადგა ეს მომენტიც. ექიმებისგან მოწოდებული ცნობა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. დაიბადა ჩემი გოგო და სრულად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ლიზი თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა - განუვითარებელი ორგანოებით, სმენის მძიმე დაქვეითებით. ცხოვრების ურთულების ეტაპი დამიდგა - მირჩევდნენ, სამშობიაროში დამეტოვებინა ბავშვი. არ დავტოვე. მას მე ვაჩუქე სიცოცხლე და ვერ წავართმევდი. უფალს მადლობა, ლიზი რომ მყავს.
ლიზის პირველი ოპერაცია მალევე ჩაუტარდა, გადარჩენის იმედს არ მაძლევდნენ, მაგრამ მე და ლიზი მაინც ვიბრძოდით. მერე დადგა რეაბილიტაციის ეტაპი. ამ დროს ლიზის დედა, მშობირაობის შემდგომ რთულ მდგომარეობაში იყო. შვილს სახლში ელოდა. საავადმყოფოში სიარული და ლიზიზე ზრუნვა მე მიწევდა. ალბათ ამ ფაქტმაც გამოიწვია ჩემი ლიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ხათუნას, ჩემს მეუღლეს სიმამაცისა და ლიზის აღზრდისათვის.
მერე ლიზი ბაღში წავიდა, იქაც პრობლემები შეგვხვდა, მაგრამ გადავლახეთ. შემდგომ, გამოჩნდა ფოთის ყრუთა კავშირი და ფონდი ბილივი და ლიზიმ სწავლაში პირველი ნაბიჯები გადადგა - ჟესტური ენის შესწავლა დაიწყო. დიდი მადლობა მათ ამისათვის. 
გადავწყვიტეთ ლიზი ქუთაისის სმენადაქვეითებულთა სკოლაში მიგვეყვანა. დღემდე იქ სწავლობს - დიდი სიყვარულის და სითბოს გარემოცვაში. რთულია ოჯახისგან შორს ლიზის ყოფნა, მაგრამ მისი განვითარებისთვის და მომავლისთვის ახლა ასეა საჭირო და ვცდილობთ შევეგუოთ.
ამ ყველაფერს ფინანსური სირთულეები ახლავს თან. ბევრს ვშრომობდი, ამ სირთულეების დასაძლევად. საბოლოოდ, ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე. აქედან ფინანსურ ვალდებულებებს უკეთ ვუმკლავდები, ოჯახს ვეხმარები, ლიზის მუდმივად სჭირდება ექიმთან ვიზიტები... 
 ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი სადარდელი და საზრუნავი ლიზის ოცნების ახდენაა. ლიზის არა აქვს მარცხენა თვალი, რომლის პროტეზირება არის საჭირო. ასევე, ცალი ხელიც განუვითარებელი აქვს და პროტეზირება სჭირდება. საქართველოში რთულია მისი დიაგნოზით მკურნალობა და ეს ოპერაციები. ჯერ ოპერაციების ეტაპამდე ვერ მივედით... ლიზი სულ მელოდება, როდის ჩამოხვალ და ექიმთან როდის წამიყვანო, სულ მეუბნება... მე კი ვაიმედებ, რომ შორს ვარ იმიტომ, რომ ფული შევაგროვო და მას ოცნებები ავუხდინო... არ ვიცი სანამ გავუძლო ამ გულის ტკივილს. თვალი დამიხატა და გამომიგზავნა - ის დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე იყო. ძალიან მიჭირს ამ ბრძოლაში გამარჯვება, თან მარტოს. მომავლის იმედით ვცოცხლობ. 
გთხოვთ, ნუ დატოვებთ შვილებს. არ წაართვათ თქვენი ნაჩუქარი ცხოვრება და იყოლიეთ გვერდით სანამ ხართ. ლიზი ჩემთვის სალოცავი ხატია და ვეცდები მისი ოცნება ავასრულო. იმედი მაქვს ოჯახთან ერთად მშვიდი ცხოვრება მალე მეღირსება. 
მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს, მამხნევებს და მეხმარება, რომ მომავლის ვირწმუნო!

Preview (5 / 8 ) Next

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46