შესვლა

პაროლის შეხსენება

რეგისტრაცია

სიახლეები

10.08.2020

ფონდი ბილივი უკვე 6 წელია ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას. 2019-2020 წლებში ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის VI თაობის წევრები  17 საგანმანათლებლო ლექცია-სემინარს დაესწრნენ.
19 ივლისს  ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის წევრების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა.  შემაჯამებელი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, კოლხეთის ეროვნულ პარკში შედგა. მოსწავლეებმა და ბილივის გუნდის წევრებმა შეაჯამეს წელი, ერთამენთს გაუზიარეს საკუთარი შეხედულებები განვლილ პერიოდზე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. 
შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებს გადაეცათ სერტიფიკატები ბილივის საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და მოხალისეობრივ საქმიანობაში აქტიური და წარმატებული ჩართულობისთის.  
,,2 წელია რაც ბილივის ოჯახის წევრი ვარ და ამ 2 წლის განმავლობაში შევიძინე უდიდესი გამოცდილება, გავიცანი არა ერთი ადამიანი, შევიძინე ახალი მეგობრები, გავხდი უფრო კომუნიკაბელური და ბილივში ყოფნამ შემმატა საკუთარი თავის რწმენა.“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის წევრმა ანა მაჭავარიანმა. 

იხილეთ ბილიველების ვიდეო:

14.07.2020

ფონდმა ბილივმა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მორიგი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა. 
პროექტის ფარგლებში ქ. ფოთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებს გადაეცათ საკვები პროდუქტები და სადეზინფექციო საშუალებები.  კამპანიამ სულ 80 ადამიანი მოიცვა.
პროექტი განხორციელდა გლობალური საზღვაო ხაზის MSC Georgia-ს ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლების ფინანსური და მოხალისეობრივი მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია „გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი“. მოცემული პარტნიორული პროექტი გულისხმობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის - შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტივობათა ჯაჭვის განხორციელებას. 

02.06.2020

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისს ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის მოხალისეებმა თავიანთი უმცროსი მეგობრებისთვის სახალისო და საინტერესო ონლაინ აქტივობები განახორციელეს. 
ქ. ფოთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ბილიველებმა ონლაინ პრეზენტაცია ჩაუტარეს, სადაც 1 ივნისის ისტორიაზე და ბავშვთა უფლებების დაცვაზე ესაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებების მათ უფლებებზე 
ონლაინ შეხვედრაზე კოპენჰაგენიდან ჩაერთო ბილივის თანადამფუძნებელი, მარიკა ნადარაია, რომელმაც მათ ვირტუალურად დაათვალიერებინა ბავშვებისთვის საყვარელი, ცნობილი დანიელი მწერლის ჰანს კრისტიან ანდერსენის სახლი და ,,ნიუჰავნის'' ფერადი სანაპირო კოპენჰაგენში. 
ასევე, მოხალისეებისა და ბავშვების ჩართულობით გაიმართა მხიარული ვიქტორინა. ჩართვა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა როგორც ბილიველებისთვის, ისე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის.

17.04.2020

ფონდ ბილივმა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით  საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.
პროექტი გულისხმობდა . ფოთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მარტოხელა ხანდაზმულების,  განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, მრავალშვილიანი ოჯახების და . ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის ბენეფიციარების დახმარებას. სულ 230-ზე მეტ ადამიანს გადაეცა საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების სადეზინფექციო საშუალებები.
,,მოხარულნი ვართ, რომ ფონდ ბილივის ყოველწლიური დახმარება წელსაც გაგრძელდა. ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის ბენეფიციარებს დაურიგდათ საკვები პროდუქტები. ასევე, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, გადაეცათ სადეზინფექციო საშუალებები. მადლობას ვუხდით ფონდ ბილივის გუნდის წევრებს და მოხალისეებს გაწეული დახმარებისთვის,“ - განაცხადა ყრუთა კავშირის წარმომადგენელმა ზვიად ჯანელიძემ.
ბილივის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სიღარიბესა და შიმშილთან ბრძოლაა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფონდი დაეხმარა 75 ოჯახს (230 ადამიანს).  2019 წლიდან ფონდის საქმიანობის სტრატეგია დაუკავშირდა გაეროს მდგარი განვითარების მიზნებს.

იხილეთ მეცხრე ტალღის სიუჟეტი COVID-19-თან დაკავშირებული სოციალური კამპანიის შესახებ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://bit.ly/2TVV7L2

10.03.2020

ფონდ ბილივის ახალგაზრდული ჯგუფის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისათვის  შემეცნებითი შეხვედრები თემატურად დაიყო. თებერვლის თვე კარიერასა და პროფესიულ ორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა. თითოეული ლექცია  ახალგაზრდების ინტერესთა სფეროებსა და სამომავლო გეგმებს უკავშირდებოდა.. 
მოსწავლეები დაესწრნენ ინტერაქციულ შეხვედრებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან. მიიღეს ინფორმაცია  პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ ,,ევექსის ჯგუფის“ ჰოსპიტალის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გაგა ტყეშელაშვილისგან, პროფესიის  არჩევისა და CV-ის სწორად შედგენის ტექნიკაზე საჭირო ინფორმაცია მიაწოდა HR სპეციალისტმა ნინო კუპრავამ, ადმინისტრაციული საქმიანობისა და დოკუმენტაციის წარმოების თავისებურებებზე ესაუბრა სოფო კუპრავა, მოსწავლეებმა ტალანტების მენეჯერ ნინო გოგუაძესთან და HR ჯენერალისტთან ზურაბ თხილაიშვილთან ერთად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა პროფესიის სწორად არჩევა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რა უნდა გაითალისწინონ გასაუბრებაზე, რამდენად მნიშნელოვანია კომპანიის ღირებულებების გატარება თითოეულ საქმიანობაში და ა.შ.
„მე ვფიქრობ, ამ ლექციებმა მომცა საჭირო ინფორმაცია იმისათის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო მომავალში პროფესიის არჩევისას, რაც ძალზედ მნიშნელოვანია თითოეული ბილიველისთვის“ - განაცხადა ბილივის ახალგაზრდულის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ანა ყურუამ. 
„დღეს ჩვენ განვიხილეთ ერთ-ერთი საინტერესო ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა დოკუმენტების ფორმირებას, მათ ტიპებს, შევსების პრინციპებს. ტრენინგი იყო დატვირთული სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაოებით, რომელსაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი ჯგუფმა. ჯგუფი მოიცავდა მეცხრე კლასიდან მეთერმეტე კლასის მოსწავლეებს. მივესალმები მათ აქტივობებს. მე მხარს ვუჭერ ბილივს და მათ საქმიანობას. ვუსურვებ ბევრ წინსვლას, წარმატებას, რათა ბევრმა ახალგაზრდამ შეძლოს მათ გვერდზე განვითარება.“ - ლექციის დასასრულს გააკეთა კომენტარი ერთ-ერთმა სპიკერმა სოფო კუპრავამ.

ხარისხიანი განათლება ბილივის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  2014 წლიდან დღემდე  165-ზე მეტია ახალგაზრდისათვის დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა ლექცია-სემინარი, ტრენინგზიკონფერენცია და შემეცნებითი კონკურსი. 

03.03.2020

დედის დღე - 3 მარტი ფონდმა ბილივმა ბენეფიციარებს განსაკუთრებულად მიულოცა. ბილივის გუნდმა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთან ერთად გადაწყვიტა დახმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რათა გაეხარებინათ დედები ტკბილეულითა და ყვავილებით. 

აქციის ფარგლებში  დედებს შევახსენეთ თუ რამდენად განსაკუთრებულები, ძლიერები და ბრძოლისუნარიანები არიან. მათი სიხარული გაიზიარეს მოხალისეებმა - ახალგაზრდა ბილიველებმა.  მიიღეს გამოცდილება და პოზიტიური ემოციები.

ფონდ ბილივში უკვე 2 წელია არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა კლუბი. მშობლები იღებენ ახალ ცოდნას, გამოცდილებას და მუშაობენ შშმ პირთა პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზებზე,; გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა ინტერგირებულ ღონისძიებასა და პროექტს. 

15.01.2020

ფონდი ბილივი უკვე 5 წელია, ყოველწლიურად, აწყობს ,,მე მჯერა სანტა კლაუსის“ საახალწლო კამპანიას. პროექტის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები. 
პროექტის იდეა 5 წლის წინ ,,ჰილტონ ბათუმთან“ ერთად გაჩნდა. მაშინ 33 ბავშვი გახდა ბენეფიციარი. ამ დროისათვის კი ფონდმა უკვე შეძლო ერთგული მხარდამჭერი ორგანიზაციების ჩართულობით საახალწლო საჩუქრით 300-მდე ბავშვი გაეხარებინა. 
აღსანიშნავია, რომ პროექტმა მოიცვა ფოთში, ბათუმში, სამტრედიასა და თერჯოლაში მცხოვრები ბავშვები.
წელს კამპანიაში ჩაერთნენ: ,,ჩენელ ენერჯი“ ,  ,,MSC Georgia” ,  სასტუმრო ,,პარაგრაფი“  და ,,Sheraton Batumi Hotel” . 


ფონდ ბილივის გუნდი მადლობას უხდის მხარდამჭერ კომპანიებსა და მათ კოლექტივს უანგარო თანადგომისთვის!

12.12.2019

ფონდ ბილივის მეხუთე  საქველმოქმედო გალა საღამო 7 დეკემბერს სასტუმრო ბილტმორ თბილისში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-მდე წარმომადგენელი.
ფონდისთვის შემოწირული თანხის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა გალა საღამოზე - საერთო ჯამში შეკრებილი თანხა 140 881 ლარს შეადგენს.
გალა-საღამოზე მობილიზებული ფინანსური სახსრებით, 2020 წელს ფონდი ბილივი გადადგამს ქმედით ნაბიჯებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დასავლეთ საქართველოში
შემდეგი მიმართულებებით: სიღარიბის აღმოფხვრა, ნულოვანი შიმშილი, შემცირებული უთანასწორობა და ხარისხიანი განათლება.
2014 წლიდან დღემდე - ფონდმა შეძლო 400 000 ლარზე მეტის მობილიზება საქველმოქმედო გალა საღამოების ორგანიზებით.

ჩვენი ბენეფიციარებისა და ბილივის გუნდის სახელით მადლობას ვუხდით თითოეულ შემომწირველსა და მხარდამჭერს!

23.10.2019

ფონდ ბილივის ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამოს მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის შემცირება, განათლების მხარდაჭერა და ინკლუზიური გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, საჯარო და კერძო სექტორთან ერთად.

ვსაქმიანობთ იმისათვის, რომ გავაღრმავოთ და გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა როგორც კერძო, ისე საჯარო და არასამთავრობო სექტორს შორის და ერთად ვიმოქმედოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების მისაღწევად (SDGs). ეს მიზნებია: სიღარიბის აღმოფხვრა; ნულოვანი შიმშილი; ხარისხიანი განათლება; შემცირებული უთანასწორობა; პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.

საქველმოქმედო გალა საღამოს სტუმრები არიან ფონდის ერთგული და მუდმივი მხარდამჭერი კომპანიები, როგორებიცაა  გლობალური სატრანსპორტო კომპანიები, ლოჯისტიკური და საექსპედიტორო სააგენტოები, საფინანსო ინსტიტუტები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, იურიდიული მომსახურების მიმწოდებლები კომპანიები, საინვესტიციო ასოციაციები, საერთაშორისო სასტუმროები, ჯანდაცვის ცენტრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, სავაჭრო პალატა და ინდივიდუალური შემომწირველები. 

ფონდ ბილივის საქველმოქმედო გალა საღამო გაიმართება 7 დეკემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორ თბილისში. სტუმრებისთვის დაგეგმილია სადღესასწაულო სადილი, საქველმოქმედო აუქციონი, ლატარეის ბილეთების გათამაშება და გართობა სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, რომელსაც წაიყვანს ცნობილი ქართველი მუსიკოსი და კომპოზიტორი დათო ევგენიძე და ბენდი. სპოსორებისა და მოხალისეების მხარდაჭერით ვმოქმედებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ეს მიზნებია: სიღარიბის აღმოფხვრა, ნულოვანი შიმშილი, ხარისხიანი განათლება, შემცირებული უთანასწორობა და პარტნიორობა მიზნების მისაღწევად.

საქველმოქმედო გალა საღამოზე მონაწილეობის მისაღებად დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ info@believe.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე:  +995 577 050622.

25.07.2019

ფონდ ბილივში შეზღდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების  კლუბი ფუნქციონირებს. კლუბის  მიზანი მშობელთა გაძლიერება და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში იმართება მშობლების საჭიროებებზე მორგებული არაერთი ტრენინგი და საინფორმაციო შეხვედრა, ინტეგრირებული ღონისძიებები.
ბილივის გუნდის მიერ შერჩეული სპიკერები  მუდმივად ცდილობენ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და მოტივაცია აუმაღლონ კლუბის წევრებს, რათა იბრძოლონ საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისთვის.
,,სიამოვნებით დავუთმობდი მეტ დროს ამ ტიპის შეხვედრებს. მართლაც შთამბეჭდავი და საინტერესო ტრენინგი ჩატარდა. მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი შვილის უკეთესი მომავლისათვის.'' - განაცხადა ინგა ღადუამ ერთ-ერთი ტრენინგ კურსის დასასრულს.
მშობელთა კლუბი ფონდ ბილივის ფარგლებში 2018 წლის მაისში შეიქმნა მიკრსაფინანსო ორგანიზაცია  CRYSTAL JSC MFO-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ბილივი მოხარულია, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ქმნის. 

04.06.2019

„ახალგაზრდები სოციალური ინიციატივისთვის“ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალურ საკითხებთან მიმართებაში, მათთვის ახალი გამოცდილების მიღება და სპეციალური საჭიროების მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელება.
პროექტში მონაწილეობას იღებდა 20 ახალგაზრდა და 5 მენტორი, რომლებიც 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ სოციალური თემატიკის პროექტების შექმნაზე. კონკურსის ფარგლებში  3 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. ფონდის საპრიზო დაფინანსება ორმა გუნდმა მოიპოვა, ხოლო ერთ-ერთი საკონკურსო პროექტი ჟიურის წევრმა, გიგი ქაცარიძემ საკუთარი ინიციატივით დააფინანსა. 
,,პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების ჩართულობა, ეს არის თემა რომელიც ახალგაზრდებისთვის უცხოა. მათ მოუწიათ დიდი შრომის გაწევა, ღრმად საკითხის შესწავლა და  ჩახედვა. ჩათვალეს, რომ მათი ჩართულობით თუნდაც მცირედი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ახალგაზრდებს უნდათ, რომ მათი ჩართულობით შეცვალონ საზოგადოების მიდგომა და გააუმჯობესონ ის ყოფა, რომელიც დღეს დღეობით გააჩნია სპეციალური საჭიროების მქონე პირებს.” -  პროექტის დასასრულს განაცხადა ერთ-ერთი ჯგუფის მენტორმა ნინო მირცხულავამ.


იხილეთ 9 ტალღის მიერ მომზადებული სიუჟეტი პროექტზე ,,ახალგაზრდები სოციალური ინიციატივისთვის".

13.05.2019

„ცეკვის ერთი დღე საქართველოში“ (A day of dance in Georgia) არის ყოველწლიური საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტი, რომელიც პირველად ქალაქ ფოთში განხორციელდა.
პროექტის მიზანია პატივი მიაგოს ცეკვის სხვადასხვა ფორმას – ბალეტს, ხალხურს, თანამედროვეს და ა.შ.  
პროექტის პირველი სეზონზე გაიმართა ფრანგი ქორეოგრაფის, რაშიდ ურამდანის უახლესი ქმნილების – „ღამის გადალახვა“ ვიდეოჩვენება. ეს არის თანამედროვე ცეკვის ნიმუში,  რომელიც ჩვენი დროის აქტუალურ პრობლემებს ეხმიანება – მიგრანტებს, მათ მიმართ უნდობლობას, ასევე, ჰუმანიზმს და სოლიდარობას. ვიდეოჩვენებამდე თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა ხათუნა მზარელუამ ისაუბრა - ცეკვის, როგორც ხელოვნების უძველესი ფორმის წარმოშობაზე, პროექტის მნიშვნელობასა და ურამდანის დადგმაზე.
ასევე, პროექტი მოიცავდა 2 აქტივობას: განხორციელდა „ფლეშმობი“ პროფესიონალი მოცეკვავეების მონაწილეობით და „დიდი ცეკვის გაკვეთილი“ არაპროფესიონალების – სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სქესის ადამიანების ჩართულობით.
პროექტი იმოგზაურებს საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებში  და გახდება ამა თუ იმ ქალაქის (სოფლის) რეზიდენტი რამდენიმე წლით (2–დან 4 წლამდე). პირველი ასეთი ქალაქია ფოთი. პროექტის ავტორი და ინიციატორია ხათუნა მზარელუა- თანამედროვე ცეკვის მკვლევარი და ჟურნალისტი. 


იხილეთ 9 ტალღის მიერ მომზადებული სიუჟეტი პროექტზე ,,ცეკვის ერთი დღე საქართველოში". 

Preview (3 / 8 ) Next

დაგვიკავშირდით

სახელი
გვარი
ელ–ფოსტა
შეტყობინება
 
+995 555008182
info@believe.ge
გორგასლის ქ. 7/46