2014 წლის 7 იანვარს ორი მეგობრის თბილი შეხვედრა ნამდვილ დისკუსიაში გადაიზარდა. საუბრისას წამოიჭრა მეტად მგრნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი - საქველმოქმედო და სოციალური პროექტები ნაკლებობა ქვეყანაში და მათ შორის მათ მშობლიურ ქალაქ ფოთში.
მარიკა ნადარაია და თამარ გვაძაბია ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ორივე მათგანი ფოთში ცხოვრობდა და კერძო სექტორში იყო დასაქმებული. 2011 წელს, 28 წლის ასაკში თამარს სრულიად მოულოდნელად, ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ადგილობრივი საზოგადოება მის მხარდასაჭერად გაერთიანდა და შეძლო მისთვის ძვირადღირებული მკურნალობის დაფინანსება. თამარი ხშირად აღნიშნავს: ,,სწორედ ამ მხარდაჭერამ გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე და ახლა აუცილებლობად მიმაჩნია უკან დავუბრუნო ადამიანებს სიკეთე, ზრუნვა და მხარი დავუჭირო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ეს ძალიან სჭირდება“.
ამ დროისათვის მარიკა აქტიურად იყო ჩაბმული სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში. ბავშვობიდან ის გახლდათ ენთუზიაზმით სავსე, გულანთებული მოხალისე და მან იცოდა, რომ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები ვერ იღებდნენ იმ დახმარებასა და თანადგომას, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.
მეგობრებმა გადაწყვიტეს თავიანთი ინიციატივებისა და იდეებისათვის ორგანიზებული სახე მიეცათ. მათ თავიანთი ხედვები და მიზნები უახლოეს ფოთელ მეგობრებს - დავით ჭოჭუასა და ნატა წულაიას გაუზიარეს. გუნდმა გადაწყვიტა დაეარსებინა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანდებოდნენ სიკეთის კეთების მსურველი ადამიანები. მარიკა, თამუნა, ნატა და დავითი გაერთიანდნენ, რომ თანადგომა გამოეხატათ სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით გაეძლიერებინათ ქალაქ ფოთში მცხოვრები ახალგაზრდა თაობა.
მეგობრების თვალთახედვით ქალაქში სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი და საზოგადოების ეკონომიკური სიდუხჭირე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს იმ ფონზე, როდესაც ქალაქს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს ეკონომიკაში. კერძოდ, ის არის ძირითადი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფანი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. სამწუხაროდ, ეს ფაქტი ქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე დადებით გავლენას ვერ ახდენს და პრობლემები პრობლემებად რჩება. მეგობრებმა გადაწყვიტეს, ქალაქში მცხოვრები წარმატებული ბიზნეს-ჯგუფებისა და ინდივიდების საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულობის გზით, წვლილი შეეტანათ ქალაქის მძიმე სოციალური პრობლემების მოგვარებაში.
დამფუძნებლებმა ფონდს „ბილივი“ უწოდეს. თითოეულ მათგანს ყოველთვის სჯეროდა, რომ გულწრფელი დახმარება და უანგარო სიკეთე მოიტანდა შედეგს. სწორედ ეს რწმენა გახდა მათი მთავარი მოტივაცია.
2014 წლის 3 აპრილიდან ფონდი „ბილივი“ შეუდგა საქმიანობას.
მარიკამ, საქველმოქმედო საქმიანობის წარმართვის, საკომუნიკაციო და მენეჯერული მიდგომების შესახებ საკუთარი ცოდნა, უნარები და გამოცდილება სრულად მიუძღვნა ფონდის განვითარების სტრატეგიულ პრიორიტეტებს. ის არის ძირითადი დამაკავშირებელი რგოლი უცხოურ და ადგილობრივ დონორებთან. ფონდ „ბილივის“ დაარსებიდან მარიკა გუნდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ის ღირსეულად და სამაგალითოდ მართავს ფონდის საქმიანობასა და შიდა და გარე ორგანიზაციულ პროცესებს გაწერილი მიზნებისა და ხედვების შესაბამისად. ასევე, სამაგალითოდ გეგმავს და ახორციელებს ფონდის საქველმოქმედო კამპანიებს.
თამარი აქტიურად მუშაობს ფონდის შემეცნებით-საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებაზე. იგი მონაწილეობს იმ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ემსახურებიან ახალგაზრდების განვითარებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. ამასთან ერთად, თამარი გეგმავს და ხელმძღვანელობს სხვადასხვა შემეცნებით კამპანიას და პროგრამას. მუდამ პოზიტიური განწყობით, მენეჯერული უნარებითა და ინტელექტით, თამარი ხელს უწყობს მოხალისეობის კულტურის დამკვიდრებას საზოგადოებაში.
ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, შრომისმოყვარე და ენერგიული ნატა, ფინანსურ საკითხებს უწევს კოორდინირებას. იგი ფინანსური მართვის სფეროში საკუთარ ცოდნასა და წარმატებულ გამოცდილებას იყენებს, რათა ფონდის საქმიანობა სწორად და უნაკლოდ წარიმართოს. ის მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ორგანიზაციას ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიებების შემოწირულობებისა და საჭირო ხარჯების სათანადო მართვის პროცესში, მართავს ფონდის ყოველდღიურ ადმინისტრაციულ, საკანონმდებლო და ფინანსურ ოპერაციებს.
დავითი, ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი და აღიარებული გენიოსია. იგი ცდილობდა თავისი გარემოცვა - ქართველი და უცხოელი საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო ქ. ფოთში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ. მას ეამაყებოდა ფონდის საქველმოქმედო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საუბარი. მისი პიროვნება გახლდათ დიდი სტიმული და მოტივაცია ქალაქის ახალგაზრდა თაობისათვის. ეს ბრწყინვალე და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი 2015 წლის 11 დეკემბერს ტრაგიკულად გარდაიცვალა. დავითის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია „ბილივის“ გუნდისათვის. მისი სულის უკვდავსაყოფად ფონდი ყოველთვის იხელმძღვანელებს დავითის დიდებული სიტყვებით წიგნიდან ,,ალდენორი’’ - „სინათლის გაცემა აქცევს მზეს მზედ“.